სიახლეები
პიროვნება

„სკოლას, საშუალო საფეხურზე, ჰაერივით სჭირდება ახალი, სწავლის ხელშემწყობი ბერკეტები“ - თბილისის N128 სკოლის დირექტორი გულნაზი ხორბალაძე
31-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორს, გულნაზი ხორბალაძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ამ ინიციატივას ვეთანხმები და პოზიტიურად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი სწავლის გარეგან მოტივაციაზე მეტყველებს, მისი გათვალისწინება დადებითად აისახება სწავლის შედეგებზე. კარგა ხანია, „კატის“ გამოცდები წარსულს ჩაბარდა. გაჩნდა ვაკუუმი - ძველზე უარი ვთქვით, ახალი კი არ ჩანს. თითქმის ერთწლიანი დისტანციური სწავლება და პანდემიით გამოწვეული სტრესი უარყოფითად აისახა მოსწავლეთა სწავლის განწყობაზე. ახლა სკოლას, სწავლების საშუალო საფეხურზე, ჰაერივით სჭირდება ახალი, სწავლის ხელშემწყობი ბერკეტები, რაც დაგვეხმარება მოსწავლის შინაგანი ძალების განვითარებაში და იმ აზრის განმტკიცებაში, რომ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები მათი მომავლისთვის ყველაზე მყარი დასაყრდენია. ამ ინიციატივის დამკვიდრებით, უფროსკლასელები გააცნობიერებენ, რომ სკოლის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა მათ მომავალ მიზნებს უკავშირდება და უფრო მოტივირებულები გახდებიან, თუმცა ამ ინიციატივის დასანერგად სკოლების მზაობაა საჭირო. მთავარია, ცოდნის შეფასების კრიტერიუმების სრულყოფა, ობიექტური სისტემის შექმნა, რათა მასწავლებლის მიერ დაწერილი ნიშანი მაქსიმალურად ობიექტურად ასახავდეს მოსწავლის ცოდნას და არ იწვევდეს აღმზრდელებში უსამართლობის განცდას. უნდა გამოირიცხოს, როგორც ლიბერალური, ასევე ავტორიტარული მიდგომები.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ შემდეგი ჭეშმარიტება: ადამიანი ვერასოდეს გახდება წარმატებული, თუ არ ექნება თავისი პროფესიის განსაკუთრებული სიყვარული. პროფესიული ორიენტაციისას  მნიშვნელოვანია 3 ფაქტორი: ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება და მიდრეკილება.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- მთელი საზოგადოების ჩართვა არ არის მიზანშეწონილი. საზოგადოების წარმომადგენლები არ არიან კომპეტენტურნი ამ საქმეში. ამ პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ პროფესიონალები, ექსპერტები. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონული ჟურნალი ძალიან კარგი სიახლეა. ეს არის სივრცე არა მარტო მასწავლებლებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. მათ მიეცათ საშუალება, დარეგისტრირდნენ სისტემაში, ყოველდღიურად ესტუმრონ ჟურნალს და თვალ-ყური მიადევნონ შვილების აკადემიურ მაჩვენებლებს. შესაძლებლად მიმაჩნია ელექტრონული ჟურნალის დანერგვა, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ნუ შეუშინდებიან გამოწვევებს. რთული სიტუაციებიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი. მთავარია, სწორი მიდგომა, გუნდური მართვა და რეალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ვგრძნობ, როგორ გვიტევს პანდემია, მაგრამ საოცარ ძალასა და ენერგიას მაძლევს სკოლის ჩართულობა ახალი სკოლის პროექტში. ვესწრები საგაკვეთილო პროცესსა და მთელი გულით მიხარია, სკოლის პედაგოგების მიერ მოფიქრებული და ჩატარებული პირველი კომპლექსური დავალებები და მოსწავლეების ემოციური დამოკიდებულება მათ მიმართ. ძალას მმატებს, სკოლაში ინიცირებული პროექტი ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინტერესო აქტივობები . მოკლედ, მხოლოდ ერთს ვნატრობ, აღარ ჩავიკეტოთ, ბოლომდე მშვიდობით დავასრულოთ ეს სემესტრი, რათა ჩვენი შრომის შედეგები დავინახოთ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება