ინგლისის 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17.07.2017
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.

1:0, 1:1, 2:1 - ასეთი თანმიმდევრობით გავიდა გოლები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალის მეორე ტაიმში. საგულისხმოა, რომ ყველა ბურთი ბრიტანელებმა შეაგდეს: ისა სულიმანმა 50-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში; 56-ე წუთზე ინგლისელთა ახოვანმა მცველმა დუჟონ სტერლინგმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი; 68-ე წუთზე კი ლუკას ნმეჩამ, მეისონ მონტის დროული პასის შემდეგ, აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი პორტუგალიელთა კარში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელთა მეათე ნომერი - მეისონ მონტი - ფინალში უდავოდ გამორჩეული იყო, გონივრულად წარმართავდა თამაშს და არც მწვავე პასები უჭირდა. სულიმანის პირველი გოლი სწორედ მონტის მიერ კარგად შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა - ბურთი ძელმა აისხლიტა, სულიმანმა კი დასწრებაზე ითამაშა.

„ინგლისს გამარჯვებას ვულოცავ, ნამდვილად სიმპათიური გუნდი იყო... სამწუხაროა, რომ წავაგეთ, ამის მიზეზად კი საგოლე მომენტების რეალიზაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი მიმაჩნია... მსურს მადლობა გადავუხადო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - საქართველოს. ყველაფერი ჩინებული იყო და ამისთვის მადლობლები ვართ", - განაცხადა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ელიო სოუზამ, რომელმაც შარშან ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

„საწყის წუთებში მეტოქე გვჯობდა, თუმცა თამაშის გამოსწორება შევძელით და ამისთვის ბიჭების მადლობელი ვარ. შესვენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა - უნდა დამშვიდებულიყვნენ და თამაში ისე გაეგრძელებინათ. მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ - ჯგუფშიც, ნახევარფინალშიც და ფინალშიც ურთულეს მატჩებში გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი გუნდის ექვსი წევრი 17 წლისაა და დარწმუნებული ვარ, ისინი ახლო მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას იზეიმებენ", - ინგლისის ნაკრების თავკაცი კიტ დაუნინგი გახარებული გახლდათ.

„ვულოცავ ინგლისის ნაკრებს, ამ გუნდმა ღირსეულად მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული! ასევე მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ამ დონის საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობა! გრძელვადიანი შეჯიბრების მიღებას თავის სირთულეები ახლავს, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველომ ეს გამოწვევა უმაღლეს დონეზე ჩააბარა, რასაც უეფას წარმომადგენელთა შეფასებაც ადასტურებს.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში იყო ჩართული", - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გახარებული იყო.


კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 20 ნოემბერი 2017
19:29