პრემიერი საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს - წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში
11.08.2017
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. "მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ დარბაზში თქვენ გიყურებთ, ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, მეცნიერების მომავალს. განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი. წარმომიდგენია, როგორ გაბრწყინდება საქართველო, როდესაც თქვენ იქნებით მეცნიერების სათავეში. იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და თქვენ ხართ ჩვენი მომავალი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსწავლეებს.

საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებს, პედაგოგებსა და სკოლების დირექტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერთან, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად შეხვდა, მიღწეული შედეგი მიულოცა და ფულად ჯილდოებთან ერთად, წამახალისებელი საჩუქრები გადასცა.

განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადაზე წელს ხუთ დისციპლინაში - მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში წარადგინა. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური, ვეკუას #42 საჯარო სკოლებისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ოლიმპიადიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, სულ 14 მედლით დაბრუნდნენ.

საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადება და შემდეგ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.


კომენტარები


სხვა სიახლეები
შაბ, 21 ოქტომბერი 2017
05:11