''აუდიტორია 115'' და EMC მოუწოდებენ ხელისუფლებას არ ჩაერიოს პროფკავშირების გაერთიანების არჩევნების პროცესში
13.09.2017
''აუდიტორია 115'' და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მიმდინარე არჩევნების პროცესს ეხმაურებიან. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროფკავშირების გაერთიანებამ ისეთი პირი აირჩიოს თავმჯდომარედ, ვისაც დასაქმებულთა მხარდაჭერა და ნდობა ექნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი თავმჯდომარე დამოუკიდებელი იყოს ხელისუფლებისა და ბიზნესების გავლენისგან.

''აუდიტორია 115'' და EMC მოუწოდებენ ხელისუფლებას არ ჩაერიოს პროფკავშირების გაერთიანების არჩევნების პროცესში, რათა პროფესიულ კავშირებს საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა მიეცეს; ასევე მოუწოდებენ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს "გაითვალისწინონ პროფესიული კავშირების გაერთიანების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიული კავშირების განვითარებისა და მისი წევრების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.''

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები 14-15 სექტემბერს არის დაგეგმილი. 

თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების ახლანდელ თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს 12 სექტემბერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თუ პეტირაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, თავად საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. 
დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. ოქიტაშვილის თქმით, სარჩელი იმ დარღვევების შესახებ შეიტანა, რაც დღეს პროფკავშირებში არსებობს.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ამირან ზენაიშვილმა კი თქვა, რომ არჩევნების პროცესი არასამართლიან პირობებში მიმდინარეობს და ირაკლი პეტრიაშვილი დელეგატებზე ზეწოლას ახდენს.

ირაკლი პეტრიაშვილმა ოქიტაშვილს და ზენაიშვილს უპასუხა და განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ მოხსნის. მისი თქმით, დავით ოქიტაშვილსა და ამირან ზენაიშვილს ხელისუფლება უჭერს მხარს.

''აუდიტორია 115'' და EMC-ის განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
23:23