სიახლეები
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალი ხედვა“ წარმატებით განხორციელდა
22-06-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში  პერიოდში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ახალი ხედვა“, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორი  სოფიო კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტი დაიწყო 2020 წლის 3 დეკემბერს და დასრულდა 2021 წლის 5 ივნისს.

გაწერილი აქტივობები, რომელშიც IX-XI კლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ, ეხმარება მოსწავლეებს შენიშნონ და აღიარონ  ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის უნიკალურობა, მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან ისტორიასა თუ კულტურაში. 

განხორციელებული პროექტის შესახებ, სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია, რომლის მისიას პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს. რეფორმის ძირითადი მიზანია, უპასუხოს ამ გამოწვევებს და სკოლის მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციები განავითაროს როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური აზროვნება და ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი. 

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 03.12.2020 – 05.06.2021 პერიოდში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ახალი ხედვა", რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორი ქ-ნი სოფიო კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა.  

მუხრანი ეთნიკურად მრავალფეროვანი სოფელია. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ოსები, სომხები, სოფლის  მიმდებარედ კი - ასირიელები.  

სოფელში მშვიდობიანი თანაცხოვრებაა, არ შეინიშნება დაპირისპირება მოსწავლეთა შორისაც, თუმცა აზრს მოკლებული იქნება იმის მტკიცება, რომ ამდაგვარ მრავალფეროვან საზოგადოებაში გამორიცხული იყოს ძალადობა,  ცხადი თუ ფარული ბულინგი, მით უმეტეს მაშინ, როცა მოსწავლეებს მწირი ინფორმაცია აქვთ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციაზე. 

ვცდილობთ რა შევქმნათ ფიზიკურად თუ ემოციურად უსაფრთხო გარემო, რომლის არსებობაზე ზრუნვაც ჩვევად უნდა გაჰყვეს სკოლის კურსდამთავრებულებს შემდგომ ცხოვრებაში, ვთვლით რომ მნიშვნელოვანია მოზარდმა თაობამ დროულად გააცნობიეროს ის, რომ ,,კულტურათა მრავალფეროვნების პატივისცემა, შემწყნარებლობა, ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარმართული დიალოგი და თანამშრომლობა წარმოადგენს  მშვიდობისა და უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას“. მეტიც, აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ ,,კულტურული მრავალფეროვნება, წარმოადგენს რა ურთიერთგაზიარების, ნოვატორობისა და შემოქმედების წყაროს, ისევე აუცილებელია კაცობრიობისათვის, როგორც ბიომრავალფეროვნება  ‐  ბუნებისათვის.  ამ თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას და აღიარებულ და შენარჩუნებულ უნდა იქნას ამჟამინდელი და მომავალი თაობებისათვის....“   

პროექტით გაწერილი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს შენიშნონ და აღიარონ ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის უნიკალურობა, მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან ისტორიასა თუ კულტურაში, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ მოსწავლეებმა შეგნებულად სცენ პატივი ეთნიკურ უმცირესობებს, გაიზარდოს მიმღებლობა, იცხოვრონ ბულინგისაგან თავისუფალ გარემოში, რაც საბოლოოდ სოფელში/ქვეყანაში არსებული კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების საფუძველი გახდება. 

პროექტის მიზნები და ამოცანები: 

მოსწავლეებმა გააცნობიერონ რას ნიშნავს კულტურული მრავალფეროვნება; 
ისინი ფლობდნენ ზოგად ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების შესახებ; 
მათ სიღრმისეულად გაიაზრონ  მუხრანში და მის მიმდებარედ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, მათი კულტურის , ტრადიციების   შესახებ ინფორმაცია; 
მოსწავლეებმა თავად შეძლონ ამ თუ იმ ეროვნული ტრადიციის შემოქმედებითად ჩვენება; 
გაღრმავდეს ტოლერანტობა; 
მოხდეს ფარული ბულინგის პრევენცია; 
გაღრმავდეს და სკოლის შემდგომ ცხოვრებაში შენარჩუნდეს მეგობრული დამოკიდებულებები ეთნიკურ უმცირესობებს შორის; 
მოსწავლეებში განვითარდეს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები. 

სამიზნე ჯგუფები: 

IX-XI კლასების მოსწავლეები; 
საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნების კათედრა;  
მოსწავლეთა თვითმმართველობა; 
ადგილობრივი თვითმმართველობა; 
თემი. 

პროექტის - „ახალი ხედვა“ ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები: 
მუხრანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოგროვება (აზერბაიჯანელები, ასირიელები, ოსები, სომხები); 
დოკუმენტური ფილმების კვირეული; შთაბეჭდილებების გაზიარება; თანმდევი დისკუსია; 

შეხვედრები მუხრანში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან:  
„ერთი დღე ასირიელებთან“, რომლის ფარგლებში, აისორი მოსწავლეების გაცნობის მიზნით, მოეწყო სტუმრობა სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში და ვიზიტი მამა სერაფიმესთან; 

„ერთი დღე ოსებთან“- შეხვედრა მხატვარ ევა კუდუხაშვილთან (დისტანციურად); 

„ერთი დღე აზერბაიჯანელებთან" - ვიზიტი მუხრანში აზერბაიჯანელების დასახლებაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან; 

საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით პროექტის ფარგლებში სკოლის სააქტო დარბაზსა და „შატო მუხრანში“ მოეწყო შეხვედრები: ოქტაი ქაზუმოვთან (მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი); იოსებ მაზმანიანთან (უცხო ენების სპეციალისტი;  აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი) და რუსუდან აფციაურთან (მკვლევარი ეთნიკურ საკითხებში). 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით მოეწყო ესეების კონკურსი - „ეთნოსები ჩემი თვალით“, რომლის ფარგლებში წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა და გამოვლინდა სამი საუკეთესო ესე. დასკვნითი ღონისძიების -„ფარული კონვერტი“ ფარგლებში კლასებმა მოახდინეს იმ ეთნიკური ჯგუფის წარდგენა, რომელიც მონიშნული იყო დაფარულ კონვერტში არსებულ ფურცელზე.  

პროექტის საინიციატივო ჯგუფი და სკოლის მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში სიახლეებით დაგვიბრუნდებიან ... 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება