სიახლეები
ინტერვიუ

„მასწავლებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებ სიახლეს“ - მადონა მუმლაძეზე, თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორი
04-10-2021
-
+


მასწავლებლობა არ უნდოდა, რადგან დედა პედაგოგი ჰყავდა და კარგად იცოდა, თუ რა სირთულეებთან ასოცირდებოდა ეს პროფესია - ბავშვური ეგოისტობის გამო, მასთან ყოფნის დეფიციტსაც განიცდიდა და ფიქრობდა, მასწავლებელი არასოდეს გახდებოდა. სწორედ ამიტომ, სხვა მიმართულება აირჩია, თუმცა, როცა თავად გახდა მშობელი, მიხვდა: შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეეძლო. საუბარი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორზე, მადონა მუმლაძეზეა, რომელიც etaloni.ge -ს ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე და არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

მადონა მუმლაძე: ახალი სასწავლო წელი მთელ საქართველოში დისტანციურად დაიწყო, თუმცა ამისთვის სრული მზაობა გვქონდა. თავიდან თითქოს შეგვაშინა ონლაინ-სწავლების ხსენებამ, მაგრამ ისე დაწვრილებით მივიღეთ რეკომენდაციები, რომ წარმატებით ამუშავდა სისტემა და სწავლების ეს ფორმატი ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, პირისპირ სწავლებას ვერ შევადარებ დისტანციურს, რადგან საუკეთესო შედეგს ბავშვებს საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა აძლევთ. საბედნიეროდ, დღეს დავიწყეთ პირისპირ სწავლება და ჩვენს მონატრებულ ბავშვებს შევხვდით. რეგულაციებიდან გამომდინარე, წელს ვერ მოვუწყვეთ ისეთი შეხვედრა, როგორც წინა წლებში გვქონდა ხოლმე, მაგრამ საკლასო ოთახები და სკოლა დავახვედრეთ გალამაზებული.

- ჰიბრიდული ფორმატი აირჩიეთ, თუ მხოლოდ პირისპირ სწავლებაზე გადახვედით?

- ჩვენს სკოლაში ბევრი ბავშვი სწავლობს და მთლიანად პირისპირ ვერ გადავედით - ავირჩიეთ ჰიბრიდული მეთოდი. ეს მიდგომა კარგია მასწავლებლებისთვის, რადგან მოსწავლეებთან მუშაობის ორგვარი საშუალება გვეძლევა და მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესში ორივე ფორმატის დადებით მხარეს გამოვიყენებთ.

- რამდენად შეძლებთ ამ პროცესის წარმატებით მართვას ისევ რომ არ მოგიწიოთ, მხოლოდ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?

- მასწავლებლები ამბობენ ხოლმე, ომში ვართ - მუდამ დაძაბულები არიან, რამე არ გამორჩეთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველა დეტალი წინასწარ გვაქვს გათვლილი: თერმოსკრინინგი, სკოლის შენობაში ბავშვების შესვლა-გამოსვლა, შენობის და საკლასო ოთახების დეზინფექცია, საიზოლაციო ოთახი... პედაგოგებს აქვთ სრული მობილიზება, რომ ამ პროცესებმა არ შეაფერხონ სასწავლო პროცესი. წინა წლის გამოცდილებაც დაგვეხმარება და ვფიქრობ, მხოლოდ დისტანციურად სწავლების აუცილებლობა არ გახდება საჭირო.

- შერეული სწავლების მეთოდი, როგორ აისახება მოსწავლეებზე? რამდენად დაძლევენ სასწავლო პროგრამას?

- შარშანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თითოეულ მასწავლებელს უკვე გაწერილი აქვს გეგმა, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს. თან, როგორც უკვე აღვნიშნე, სწავლების ორივე ფორმატს აქვს თავისი დადებითი მხარე და მათი ბოლომდე გამოყენებას შეძლებენ მასწავლებლები. მაგალითად, დისტანციური სწავლებისას შედარებით მარტივია სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენება. ჩვენ „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართული და მასწავლებლებმა სამუშაო სტრატეგიები კარგად ისწავლეს, ასევე კარგად დაგეგმეს - ვიდრე შვებულებაში გავიდოდნენ, უკვე ჰქონდათ ნამუშევარი იმ პროექტებზე, რომლებსაც ახლა წარუდგენენ მოსწავლეებს.

- პირისპირ სწავლება, რომ გაგრძელდეს, პედაგოგების 80% უნდა იყოს აცრილი. თქვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- აქტიურად ვართ ჩართულები და პედაგოგების უმრავლესობა უკვე ვაქცინირებულია. მხოლოდ ის არ აცრილა, ვისაც ახლო პერიოდში აქვს ვირუსი გადატანილი ან ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, არ შეუძლია. ცოტა ტექნიკურ პერსონალთან გვიჭირს ვაქცინაციის აუცილებლობის ახსნა, თუმცა მთავარია, მშობლები იყვნენ აცრილები, რომ ბავშვებმა არ შეგვიქმნან საფრთხე.

- აცრა მასწავლებლებისთვის სავალდებულო, რომ გახდეს ამაზე რას ფიქრობთ?

- ისედაც უნდა ესმოდეს ყველას, თუ ვინმეს საფრთხეს უქმნის - მინიმუმამდე დაიყვანოს. აცრა არის მოქალაქეობრივი ვალდებულება.

- ახსენეთ, „ახალი სკოლის მოდელში“ ხართ ჩართული. როგორი გამოხმაურება აქვთ პედაგოგებს ამ რეფორმის მიმართ?

- არა მარტო ახალი სკოლის მოდელის, არამედ ნებისმიერი სიახლის მიმართ, თითოეულ ადამიანს სიფრთხილის განცდა გვაქვს. მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, მასწავლებლების 95% კონსერვატორია. ამ პროფესიის ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებ სიახლეს, რათა ნაკლებად იგრძნოს საფრთხე. ჩვენთან ეს პროცესი ნელ-ნელა მოხდა. ვიდრე პროექტში ჩავერთვებოდით, უკვე ჰქონდათ მასწავლებლებს მის შესახებ ინფორმაცია. ტრენინგები, რომლებიც ტარდებოდა და დღემდე გრძელდება, პედაგოგებს დაეხმარა ამ მოდელით სწავლებით სწორად აღქმაში. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნო - მიხვდნენ, თავად იყვნენ პროექტის ნაწილი. მე არ ვარ მხოლოდ, დირექტორი - მასწავლებელი გახლავართ და პირადი მაგალითით ვაჩვენებ კოლეგებს, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მსგავს პროექტებში ჩართულობა.  

- ანუ, ტრენინგები და გადამზადება მასწავლებლებისთვის აუცილებელია?

- ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის საჭიროა, მით უმეტეს ისეთი პროფესიისთვის, როგორიცაა პედაგოგობა. მასწავლებელს მუდამ სჭირდება განვითარება და ეს ჩვენთვის არ არის სიახლე - უამრავ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, როგორც მასწავლებლებს, ასევე სკოლას. სიახლის დანერგვა ყოველთვის სასიამოვნოა, ოღონდ ჯერ სირთულეები უნდა გადაილახოს - შემდეგ გეუფლება კმაყოფილების განცდა. მოძველდა რაღაცები და ნამდვილად საჭირო იყო ჩანაცვლება. თავიდან ცოტა ტერმინებმა შეგვაშინა, მაგრამ როცა მნიშვნელობას გავიგეთ, ძალიან გამარტივდა საქმე.

- შერეული სწავლება, ტრენინგები, გამოცდები... რამდენად პროდუქტიულები არიან მასწავლებლები გაკვეთილებზე?

- მასწავლებელი ყოველთვის პროდუქტიული უნდა იყოს მოსწავლისთვის. პედაგოგს არც აქამდე ჰქონია ცოტა საქმე - დედა მასწავლებელი მყავდა და იმდენი საქმე ჰქონდა, ბავშვური ეგოისტობით ვფიქრობდი, სამსახურის გამო ყურადღებას მაკლებდა. იმდენად არ მომწონდა ეს, არასოდეს მქონია სურვილი თავადაც მასწავლებელი ვყოფილიყავი. პედაგოგური არც დამიმთავრებია - ჯავახიშვილში ჩავაბარე ეკონომიკის მიმართულებით. როცა 2 ბიჭის დედა გავხდი, მაშინ მივხვდი, უკეთეს პროფესიას ვერ ავირჩევდი - ჩემი ოჯახისთვის, შვილებისთვის, საზოგადოებისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება შემეძლო. მიუხედავად რთული და ბევრი საქმისა, ძალიან შემიყვარდა ეს პროფესია. ის ვინც მოწოდებით მასწავლებელია, დახარჯულ დროზე ნაკლებად ფიქრობს, ხოლო ვინც არა - მისთვის გაკვეთილის ჩატარებაც ტანჯვაა. პედაგოგობა რთული პროფესიად მოიაზრება, ამიტომ ჩვენთვის კვირაში 36 სამუშაო საათია მოცემული, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ  საქმე ყოველთვის ბევრია, რეალობა სულ სხვაა ხოლმე.

- ამ ყოველივეს ფონზე, დღეს რამდენად დაფასებულია ეს პროფესია?

- წინა წლებთან შედარებით დაფასდა, ეს იმითაც შეინიშნება, რომ ბევრი ახალგაზრდა ირჩევს ამ პროფესიას. როცა ჩვენ ვაკანსიას ვაცხადებთ, არის შემთხვევა, როცა ერთ ადგილზე 180-190 განაცხადი შემოდის. ვფიქრობ, ეს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა - გაცილებით პრესტიჟული გახდა მასწავლებლობა. ამ ყოველივეს ახლავს ფინანსური დაინტერესება - პედაგოგებს სტატუსის დანამატი ხელფასზე მაღალი აქვთ.

- როგორ მუშაობს წელს ელექტრონული ჟურნალი? ისევ ექმნებათ მასწავლებლებს პრობლემა?

- გასულ წელს იყო პრობლემები - ეს ხან ჩვენი ბრალი იყო, ხან სისტემის გაუმართაობის. ტექნიკური პრობლემები შეიძლება წელსაც გვქონდეს, მაგრამ რამდენადაც  ვიცი და შეხებაც მაქვს, სისტემა უკვე გამართულია.

- საკმარისი ტექნიკა თუ გაქვთ სკოლაში, რომ ჰიბრიდული სწავლებისას და ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობისას მასწავლებლები არ შეფერხდნენ?

- დიახ, გვაქვს გამართული და საკმარის ტექნიკა - 60-მდე კომპიუტერი. ასევე ინტერნეტიც გამართულია და ამ მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება.

- თქვენი მხრიდან სწორი არჩევანი იყო, როცა მასწავლებლობა გადაწყვიტეთ?

- დიახ, როცა ჩემი სწავლებით კმაყოფილი ბავშვები და მშობლები ვნახე, მივხვდი, რომ სწორ არჩევანი გავაკეთე. როცა გავიზარდე სხვა თვალით შევხედე ამ პროფესიას. ვიფიქრე, ეს ის საქმე იყო, რომელიც მომეწონებოდა და ასეც მოხდა. ოჯახმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ არჩევანში - სხვა სამსახურის არჩევისას ყოველთვის მექნებოდა დროის დეფიციტი შვილებთან.

- და, რატომ დირექტორობა?

- სიმართლე გითხრათ, დირექტორობაზე არასოდეს მიფიქრია. ერთ წელს ისე მოხდა, რომ ბავშვების მცირე რაოდენობა შემოვიდა სკოლაში და მასწავლებლები საათების გარეშე დარჩნენ. ამ მიზეზის გამო, ერთ-ერთი მასწავლებელი სკოლიდან უნდა წასულიყო. მაშინ დაწყებითებს ვასწავლიდი და ჩემი საათები გავუყავი - არ მივეცი სამსახურის დაკარგვის უფლება. ეს ადამიანი შემოვიდა ჩემს კლასში და ჩემს მშობლებთან, ბავშვებთან ჰქონდა ურთიერთობა - ხედავდა რას, როგორ ვაკეთებდი. მან მითხრა, რომ დირექტორობისთვის კარგი კადრი ვიყავი და ჩემს კოლეგებთან მიიტანა ეს ამბავი. იმდენად მოინდომეს, დირექტორი გავმხდარიყავი ჩემს მეუღლესაც ესაუბრნენ ამ საკითხზე და მოკლედ, იმ ბრძოლის ველზე გამიშვეს, რომელზეც უარი ვეღარ ვთქვი - ასე გავხდი დირექტორი. უკვე მეთხუთმეტე წელია, რაც დირექტორი ვარ, აქედან მე-8 წელია N124 საჯარო სკოლას ვმართავ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
ლეცავეს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სკოლის დაფა სხვადასხვა თემატური პოსტერებით მორთეს
 
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება