მამუკა ბახტაძე: ''საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას სსფ-ს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა''
07.12.2017
საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს სსფ უყენებს, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველ მიმოხილვას.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეს არის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ - ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, განსაკუთარებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის მრავლისმომცველი პროგრამა. ჩვენ შეგვიძლია დეტალური ჩამონათვალიც მოგაწოდოთ ამის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ განვითარების 4-პუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარადჭერა. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება. პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალურო ფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.

ასევე 2018 წლის ბიუჯეტი შემდგომ ფისკალურ კონსოლიდაციას ითვალისწინებს და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა.

გარდა ამისა, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე. ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 60 მილიონ ესდეერს (84.8 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს.


კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 18 დეკემბერი 2017
18:58